ჯუმბერ ძიძავას და მის მეგობარს ერთმანეთთან ეჩხუბათ. ორივე მილიციაში მიაბრძანეს. ჯუმბერს წარბი ჰქონდა გახეთქილი და გზაში პირი შეკრეს:
–მილიციაში ასე ვთქვათ, ვითომ კიბეზე დავეციო.
განყოფილებაში ახლად გამომცხვარი გამომძიებელი დახვდათ. თემიდას მსახურმა, საქმისთვის მეტი სერიოზულობა რომ მიქცა, მაჯიდან საათი მოიხსნა, მაგიდაზე დადო, აქაოდა დროც დავინიშნეო და დაკითხვას შეუდგა.
–რა მოგივიდა წარბზე?
–დავეცი.
–სად დაეცი?
–კიბეზე!–მკვირცხლად უპასუხა ჯუმბერმა.
–რომელ კიბეზე?–არ დაიბნა გამომძიებელი.
–შენი შერლოკ ჰოლმსი დედა ვატირე, კიბის მეტი რა არის, რა მნიშვნელობა აქვს, სად დავეცემოდი?!–გაბრაზდა ჯუმბერი.
ვახტანგ ჭყოიძე ცოლს შეჰპირდა, „ჩერნობურკას“ გიყიდიო. ახლა რომ სპორტის სასახლეა, მაშინ იმ ადგილას შავი ბაზარი იყო. მივიდნენ ბაზართან. ვახტანგმა უთხრა ცოლს, შენ აქ დამელოდე, მე შევალ და გიყიდიო. ელოდება ცოლი, გავიდა ერთი საათი, ორი... არ ჩანს ვახტანგი, ბოლოს რას ხედავს ქალი!–მისი ქმარი ბაზრიდან ორ კაცს გალეშილი მთვრალი გამოჰყავს. “რა ქენი, ვახტანგ, ჩერნობურკა სადღაა?..“
–ძვირი იყო, ქალო, სამაგიეროდ ღვინო შემხვდა იაფად...პირში ენა ძლივს მოიბრუნა ვახტანგმა.
ფარდები მიყიდე!–უთხრა ერთხელ ცოლმა ვახტანგ ჭყოიძეს.
–რად გინდა ქალო ფარდები?
–როცა ტანზე ვიცვლი, იმ სახლიდან ვირაც კაცი იყურება და ყველაფერს ხედავს.
–შენც დაურეკე და უთხარი რომ სასწრაფოდ თვითონ იყიდოს ფარდები.–ასწავლა ცოლს ვახტანგმა.
ვახტანგ ჭყოიძე და მოსკოვიდან ახლად დაბრუნებული ლევან მოსეშვილი სასადილოში შევიდნენ. აიღეს „ბორშჩი“. ვახტანგმა ერთი ულუფა, ლევანმა–ნახევარი.
–რატომ მთლიანად არ აიღე, ნახევარი რაღაა?–ჰკითხა ვახტანგმა ლევანს.
–დატოვება მენანება.
–შე კაი კაცო, ოთხი წყვილი ცოლ–შვილი დატოვე და ერთი მათლაფა „ბორშჩის“ დატოვება გენანება?
ერთხელ დილით ნაბახუსევი ვახტანგ ჭყოიძის ცოლი აღარ დაცხრა: გუშინ ისეთი მთვრალი მოხვედი, შარვალი მე გაგხადეო.
–რას გადამაყოლე ქალო, 21 წელია, საცვალს მე გხდი და შენ ერთხელ შარვალი გამხადე, ასეთი რა მოხდაო?..
აპოლონ მონიავა ელბაქიძის დარმართზე ცხოვრობდა. იმ დილით უთენია წამოხტა და გარეთ გამოვიდა, იქნებ სადმე ასი გრამი გადავკრა „პახმელიაზეო“.
ხედავს აპოლონი, მის წინ შავი ავტომანქანა გაჩერდა, იქედან თანამდებობაზე ახლად დანიშნული ქალბატონი ვიქტორია სირაძე გადმოვიდა და პარტიული ტონით მიმართა აპოლონს:
–ამ დილაუთენია საით მიბრძანდებით ამხანაგო მონიავა?!
–რადიო გამიფუჭდა ქალბატონო ვიქტორია და მეგობართან მივდივარ ჰიმნის მოსასმენადო,–მოუჭრა აპოლონმა.
აკაკი გაწერელიაში სტანდარტული არაფერი იყო. ეს დახვეწილი, კრძალული, კეთილშობილური მანერების კაცი ჯერ ისევ კომუნისტური ხელისუფლების წლებში ჯიბით პატარა პისტოლეტს ატარებდა და აბა ერთი გაებედა ვინმეს, მისთვის აუგი ეკადრებინა.
თუმც მე იგი ფარხმალდაყრილიც მინახავს. როცა ქვეყანა აირია, ერთ წვიმიან დღეს მე და ელდარ კერძევაძემ მოვინახულეთ. საწერ მაგიდაზე უქმად იდო ძველი მონოკლე. შემოგვჩივლა: აღარავის ვჭირდებიო...
ერთხელ ჟურნალ „მნათობის“ რედაქციაში ვისხედით სოსო პაიჭაზე და მე. ტელეფონმა დარეკა. სოსომ ყურმილი აიღო.
–ჰაა, ვანო ხარ?
ჰასა და ჰოზე მიხვდა სოსო–აკაკის ელაპარაკებოდა.
არა, ბატონო აკაკი, ვანო არ ვარო–უპასუხა, თუმცა საჭიროდ არ ჩათვალა გაცნაურებოდა. აკაკიმ ტონი უმალ შეცვალა:–კორექტორები თუ არიან რედაქციაშიო–ჰკითხა. სოსომ ურჩია ორშაბათს მობრძანებულიყო და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
–კი მაგრამ ვინ არის ვანო?
მე და სოსომ ერთმანეთს გაკვირვებით შევხედეთ. მივადექით ჟურნალის არქივს...
ვანო წულუკიძე.1950–იანი წლები. „მნათობის“ პასუხისმგებელი მდივანი. ორივეს გულიანად გაგვეცინა.
1984 წლის ზამთარია. აგერ უკვე წელიწად–ნახევარია მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე ქალბატონი მედეა კუჭუხიძის მიერ დადგმულ хvlll – საუკუნის დრამატურგის კარლო გოცის პიესა „ლურჯ ურჩხულს“ წარმოადგენენ თეატრის მსახიობები. ხსენებული ნაწარმოები ჯემალ აჯიაშვილმა თარგმნა. თარგმანი რომ ბრწყინვალეა, იმ წლების პერიოდიკაშიც დაიწერა.
ცენზურის ხანაა. მთავრობის ყურამდე მივიდა, რომ სცენიდან ხელისუფლებისა და პოლიტიკის საწინააღმდეგო ლოზუნგები გაისმის. რაღა თქმა უნდა დელეგაციამაც არ დააყოვნა და ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი მარჯანიშვილის სახელობის თეატრს ეწვია. ჰოდა, წარმოდგენა პერსონალურად მათთვის გათამაშდა. წარმოდგენას, წესისამებრ დამდგმელი რეჟისორი და პიესის მთარგმნელიც დაესწრნენ.
ქვეყანაში კარაქი და შაქარი მოსახლეობაზე ტალონით გაიცემოდა, ხოლო პიესის ერთ–ერთ მოქმედ პირს პანტალონე ჰქვია,–რაც დამსწრეთ არ მოეწონათ და აღნიშნეს კიდეც. წარმოდგენა გაგრძელდა.
–ლურჯმა ურჩხულმა წყალი წაგვართვა, დაგვბეგრა, დაგვამშია, წელში გაგვწყვიტა,–ჩივიან სცენაზე გასული მსახიობები
დამსწრეთ არც ეს ეჭაშნიკათ და მთარგმნელსა და მთავარ რეჟისორს კვლავ შენიშვნა მისცეს. ცოტა ხანში სცენაზე ასეთი დიალოგი გაიმართა.
–ლურჯმა ურჩხულმა ხმა ამოიღო და ისე ილაპარაკა, ციცერონი მიმიქარავსო.–თქვა ერთმა მსახიობმა.
დღეს კაცს ვერ ათქმევინებ ვერაფერს თორემ ყველა ციცერონობას არ იჩემებსო?!–მიუგო მეორემ.
მთავრობის წარმომადგენელი დამსწრენი ამაზეც შეიშმუშნენ და აჯიაშვილსა და კუჭუხიძეს ახლაც უსაყვედურეს.
პიესაში მომდევნო ეპიზოდი ასეთი იყო: შევარდენი შაშვს ტალახის გუნდას ესვრის. იმ დროს ხელისუფლების პირველი პირი ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. და, მოგეხსენებათ, დამსწრეთ მორიგი საყვედურის თქმა დააპირეს, მაგრამ ახლა აჯიაშვილმა იფეთქა: თავი დაგვანებეთ! ეს პიესა გოციმ хvlll საუკუნეში დაწერა. მაშინ ან შევარდნაძე სად იყო, ან ტალონი. მე და მედიკო რა შუაში ვართ, ჩვენ რას გვემართლებითო.
წარმოდგენა, რაღა თქმა უნდა, აკრძალეს და ქართველ მაყურებელს იგი აღარ უნახავს.
კოლაუ ნადირაძემ ერთ გაზაფხულზე ცხვარი იყიდა და მარნეულის მხარეს წაიყვანა. სადღაც გაეგო, ცოდვიან მიწაზე ამოსულ ბალახს ცხოველი არ ძოვსო და მთელი დღე დაატარებდა მარნეულის სანახებში ყელზე თოკგამობმულ ცხვარს მოხუცი პოეტი. პირუტყვმა ახლად ამოხეთქილი ლორთქო ბალახი მართლაც არ მოძოვა და კოლაუ დარწმუნდა, 37–იან წლებში დახვრეტილთა, მათ შორის ტიციანის, საფლავები სწორედ აქ იყო.
ლუარსაბ ანდრონიკაშვილს ქართულად ლაპარაკი უჭირდა. ლექციაზე სიტყვა „четка“–ს ქართული შესატყვისი ვერ გაიხსენა.
–მკაფიო–დაეხმარნენ სტუდენტები.
–ჰო „კაპიეტი!“ ახლა პაოლოსთვის რომ მეკითხა, მიპასუხებდა: რაღაცის გაჭრა, მივარდნა, გაგელვება, განავარდება... მოკლედ ტვინს ამირევდაო.
ლადო გუდიაშვილი თავის პერსონალურ გამოფენას ძლივს რომ ეღირსა, ერთი მოსაწვევი დედეის საფლავზე დაფლა. გამოფენაზე გარდაცვლილი დედა მიიწვია.
უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წალკოტისთვის სტუდქალაქიდან გაგდებულ და დროებით უბინაოდ დარჩენილ ერთ სტუდენტს ორიოდ კვირით, (ვიდრე ბინას იქირავებდა) თავი შეეფარებინა. თანაკურსელ–თანაჯგუფელებს ებრალებოდათ და გვიანობამდე დროს მასთან ატარებდნენ.
მორიგი ქეიფი გაეჩაღებინათ. ფილიპე ბერიძე წამოდგა, გაზეთს (ქვაზე რომ გაეფინა) დახედა:
ლენინ! ლენინ! მსოფლიო პროლეტარიატის გულებს ათბობ და ფილიპეს გამხმარი ტრაკი ვერ გაგითბია?!
ჯუმბერ ტიკარაძეს ერთ დილით თურმე თავისი „აბდაუბდები“ მბეჭდავთან მიჰქონდა გადასათეთრებლად. გზად ონიაშვილის ქუჩაზე ამირან ასანიძეს შეუარა. ამო შინ არ დაუხვდა.
გვიან ღამით შინ მისულ ასანიძეს დედამ (ქალბატონმა მარიამმა) შესჩივლა:
ვიღაც იყო შვილო, აივანზე დაჯდა, არაყი მომთხოვა, წრუპავდა და მთელი დღე აბდაუბდებს მიკითხავდაო...
среда, 17 июня 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)